English / ქართული / русский /
გივი ბედიანაშვილი
გლობალური განუზღვრელობა და მდგრადი კონკურენტუნარიანობა

ანოტაცია. ნაშრომში გადმოცემულია კონფრონტაციული გლობალიზაციის   პირობებში განუზღვრელობის ზრდით განპირობებული გამოწვევები და ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური სისტემების კონკურენტუნარიანობის მიმართ ახალი მოთხოვნების თავისე­ბურებები. გამოვლენილია, რომ  განუზღვრელობის განუხრელი ზრდა აქტუალურს ხდის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის პრობლემას მისი მდგრადობის ცალკეული ასპექტების გაძლიერების გათვალისწინებით. აღნიშნულია, რომ ქვეყნის მდგრადი კონკურენტუნარიანობის საჭირო დონის  უზრუნველსაყოფად აუცილებელია ეკონომიკური მდგრადობის დონის არსებითი გაუმჯობესება, ინტელექტუალური კაპიტალის განვითარება და რესურსეფექტიანობის ამაღლება.

საკვანძო სიტყვები: გლობალური განუზღვრელობის ზრდა, ქვეყნის მდგრადი კონკურენტ­უნარიანობა, მმართველობის ეფექტიანობა ინტელექტუალური კაპიტალი, ეკონომიკური მდგრადობა, რესურსეფექტიანობა. 

კონფრონტაციული გლობალიზაციის (Papava, 2022a, 2022b) პირობებში, როგორც გვიჩვენებს ბოლო რამდენიმე წლის მოვლენების ანალიზი, ხშირად წარმოიშობა პრობლემები, რომლებიც თითქმის მყისიერად აისახება თავისი ეფექტებით ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური სისტემების ყველა სფეროში (Bedianashvili, 2021a). 

განუზღვრელობის განუხრელი ზრდა (Bedianashvili, 2021b) მნიშვნელოვანს ხდის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის პრობლემას მისი მდგრადობის ცალკეული ასპექტების გათვალისწინებით. ქვეყნის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობა შეიძლება ჩამოვაყალიბოთ, როგორც გლობალიზებულ მსოფლიოში კონკურირებადი ეკონომიკების გარემოში მოქალაქეთა კეთილდღეობის შენარჩუნების ან გაზრდის უნარი მომავალი შესაძლებლობების შემცირების გარეშე (SolAbility, 2022).

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობა თავისი არსით გულისხმობს გლობალიზებულ გარემოში ქვეყნის მთლიანი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და განვითარების უნარს განუზღვრელობის პირობებში (Bedianashvili, 1995).

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობა როგორც სისტემა და შესაბამისი ინტეგრალური გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GSCI), მისი თანამედროვე კონცეფციის თანახმად (ნახ.1), მოიცავს (SolAbility, 2022) ისეთ ბლოკებს, როგორიცაა ბუნებრივი კაპიტალი (NC – მოცემული ბუნებრივი გარემო, რესურსების ხელმისაწვდომობის ჩათვლით და ამ რესურსების ამოწურვის დონე), რესურსეფექტიანობა და ინტენსიურობა (RE – წვდომადი რესურსების გამოყენების ეფექტიანობა, ოპერაციული კონკურენტუნარიანობის საზომი მსოფლიოში შეზღუდული რესურსების პირობებში), სოციალური კაპიტალი (SC – ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, თავისუფლება, თანასწორობა და ცხოვრებით კმაყოფილება ქვეყნის შიგნით), ინტელექტუალური კაპიტალი და ინოვაცია (IC – სიმდიდრისა და სამუშაო ადგილების გენერირების შესაძლებლობა ინოვაციებისა და დამატებული ღირებულების მრეწველობის მეშვეობით გლობალიზებულ ბაზრებზე), ეკონომიკური მდგრადობა და კონკურენტუნარიანობა (EC – ასახავს სიმდიდრის გამომუშავების უნარს მდგრადი ეკონომიკური განვითარების გზით), მმართველობის ეფექტიანობა (GE – ძირითადი სახელმწიფო სფეროებისა და ინვესტიციების შედეგები – ინფრასტრუქტურა, ბაზარი და დასაქმების სტრუქტურა, მდგრადობის და მდგრადი სიმდიდრის წარმოქმნის ჩარჩო პირობების უზრუნველყოფა).

 

ნახ. 1. მდგრადი კონკურენტუნარიანობის თანამედროვე კონცეფცია.

წყარო: SolAbility (2022). 

როგორც ცნობილია, გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად მუშავდება კონსალტინგური კომპანიის SolAbility (2022) მიერ მსოფლიო ბანკისა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოების წყაროების გამოყენების საფუძველზე, ამასთან ერთად, ინდექსის გაზომვა ხდება 189 ინდიკატორის მეშვეობით, რომელიც დაჯგუფებულია ზემოაღნიშნულ ექვს ბლოკად (ქვეინდექსად). ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველო 180 ქვეყანას შორის არის 65-ე ადგილზე, ინტეგრალური მაჩვენებლით 44.5.

 

ნახ. 2. საქართველოს შედარებითი მდგომარეობა გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის

მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წ.

წყარო: აგებულია ავტორის მიერ SolAbility (2022) მონაცემების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი კაპიტალის ქვეინდექსით ჩვენი ქვეყანა არის 30-ე ადგილზე, მაჩვენებლით 49.2 (უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია და სლოვაკეთი); ინტელექტუალური კაპიტალის ქვეინდექსით – 73-ე ადგილზე, მაჩვენებლით 39.7; სოციალური კაპიტალის ქვეინდექსით –  64-ე ადგილზე, მაჩვენებ­ლით 49.1; ეკონომიკური მდგრადობით – მე-100 ადგილზე, მაჩვენებლით 40.4; მმართველობის ეფექტიანობით – 21-ე ადგილზეა, ქვეინდექსით 62.0 (უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, ბულგარეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სომხეთი, სლოვაკეთი, ბელგია, ნორვეგია, ლიეტუვა, უნგრეთი, თურქეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია); რესურსეფექტიანობის ქვეინდექსით – 150-ე ადგილზე, მნიშვნელობით 38.8 (თუმცა უსწრებს მეზობელ ქვეყანას, აზერბაიჯანს, ასევე ჩინეთს, რუსეთს, სერბეთს); ინტელექტუალური კაპიტალის ქვეინდექსით – 76-ე ადგილზე, ქვეინდექსის მნიშვნელობით 39.7 (უსწრებს აზერბაიჯანს, მოლდოვას, რუმინეთს, სომხეთს). წარმატებებთან ერთად, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები  გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ცალკეული ქვეინდექსის მიხედვით ევროკავშირის მომავალი წევრობის გზაზე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით (ნახ. 2-3).

 

ნახ. 3. საქართველოს გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ქვეინდექსების შედარებითი დონე,  2022 წ.

წყარო: SolAbility (2022). 

კონფრონტაციული გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე (ბედიანაშვილი, 2022; Bedianashvili, 2022a, 2022b) გლობალური განუზღვრელობის მოსალოდნელი მატების პირობებში ქვეყნის მდგრადი კონკურენტუნარიანობის საჭირო, ჯეროვანი დონის უზრუნველყოფა მოთხოვს ბუნებრივი კაპიტალის ბლოკის შემდგომ გაძლიერებას გლობალური კლიმატის პრობლემის შემსუბუქების და მწვანე ზრდის ხელშეწყობის მოთხოვნების შესაბამისად (ბედიანაშვილი, 2022; ლაზარაშვილი, 2020; Abesadze, 2019; Batrancea et al, 2020; Bedianashvili, 2019).

ფრიად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირების (Bedianashvili, 2021) დაჩქარების ფორმატში უფრო მეტად განვითარდეს მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინტელექტუალური კაპიტალის ბლოკი, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას სამეცნიერო კვლევების სტიმულირებისა და მეტი ფინანსური მხარდაჭერის კონტექსტით.

ქვეყნის მდგრადი კონკურენტუნარიანობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური მდგრადობისა და რესურსეფექტიანობის ბლოკების არსებით გაუმჯობესებას, ცოდნის ფაქტორის და ციფრული ტექნოლოგიების ათვისების უზრუნველყოფით. ამასთან ერთად აუცილებლად გასათვალისწინებელია როგორც მცირე გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური სისტემების თავისებურებები (ბედიანაშვილი & კოხრეიძე, 2023; თოქმაზიშვილი, 2017; Papava & Charaia, 2021; Charaia & Papava, 2021; Jesse & Dreyer, 2016; Otinashvili et al, 2023; Silagadze, 2022), ისე კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელ კომპონენტებსა და შესაბამის სფეროებს შორის ურთიერთმოქმედების სპეციფიკა (ნახ. 4).

ნახ. 4. გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსისა და

მისი კომპონენტების ურთიერთმიმართება, 2022 წ.

წყარო: აგებულია ავტორის მიერ SolAbility (2022) მონაცემების მიხედვით. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბედიანაშვილი გ., კოხრეიძე გ. (2023), სახელმწიფო ვალი და ეკონომიკური ზრდა მცირე ქვეყნებში თანამედროვე გამოწვევების პირობებში. ეკონომისტი. XIX (1), 98-110. DOI: 10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.01. GIVI.BEDIANASHVILI.GIORGI.KOKHREIDZE
  2. ბედიანაშვილი გ. (2022), კლიმატის ცვლილების გაურკვევლობა და ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი წერეთლის დაბადებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული ეკონომიკისინოვაციურიგანვითარება: მსოფლიოგამოცდილებადაპერსპექტივები. თსუ, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი. გვ. 29-36.
  3. ლაზარაშვილი თ. (2020), ეკონომიკური ზრდის „მწვანე“ დაფინანსება: კონცეფციები და პრობლემები. გლობალიზაციადაბიზნესი. 9, 53-56. DOI: 10.35945/gb.2020.09.0064. 
  4. თოქმაზიშვილი, მ. (2017). მცირე ქვეყნების ეკონომიკის განვითარების ტენდენციები.  გლობალიზაციადაბიზნესი. 3, 21-25. DOI: 10.35945/gb.2017.03.003.
  5. Abesadze, R. (2019). “Green” and “Circular” Economy: Essence and Modern Chal-lenges. International Journal of New Economics and Social Sciences. 2(10), 329-345.
  6. Batrancea, I.; Batrancea, L.; Rathnaswamy, M.M.; Tulai, H.; Fatacean, G.; Rus, M.-I. (2020). Greening the financial system in USA, Canada, and Brazil: A panel data analysis. Mathematics. 8, 1-13.
  7. Jesse, N., G., & Dreyer, J., R. (2016). Small States in the International System. London.
  8. Bedianashvili, G. (1995). State, Power Structure and Socio-Economic Reform of Society. Tbilisi, Mecniereba.
  9. Bedianashvili, G. (2019). Formation of Knowledge-Based Economy and Green Economy: Socio-Cultural Aspect. Conference materials: Current Problems of Formation of “Green Economy”. Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Tbilisi. 33-37.
  10. Bedianashvili, G. (2021a). Macroeconomic and Cultural Determinants of the COVID-19 Pandemic Crisis. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences 15(2),191-197.
  11. Bedianashvili, G. (2021b). Globalization and Modern Challenges of Economic Uncertainty. Conference materials: Strategies, Models, and Technologies of Economic Systems Management (SMTESM-2021). Khmelnytskyi National University, Ukraine. 45-48.
  12. Bedianashvili G. (2022a). Uncertainty and Challenges of Small Countries in Modern Conditions of Globalization. Thesis for the 17th International Academic Conference "SOCIAL SCIENCES FOR REGIONAL DEVELOPMENT 2022". 7.DOI: 10.13140/RG.2.2.17173.19683
  13. Bedianashvili G. (2022b). Impact of the Cultural Factor on Economic Growth and Entrepreneurial Activity: Challenges of Modern Globalization. Proceedings of VII International Scientific Conference Dedicated to the 100th Anniversary of the Faculty of Economics and Business "Challenges of Globalization in Economics and Business". Tbilisi, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Economics and Business Faculty. 53-58.
  14. Casares, E. R. (2015). A relationship between external public debt and economic growth. Estudios Económicos. 30(2), 219-243.
  15. Charaia, V., Papava, V. (2021). Public Debt Increase Challenge under COVID-19 Pandemic Economic Crisis in the Caucasian Countries. Journal of Contemporary Issues in Business and Government, Vol. 27, No. 3, 18-27.   DOI:10.47750/cibg.2021.27.03.003
  16. Ionescu, R., V., Antohi, V., M., Zlati , M. L., Georgescu, L. P. & Iticescu, K. (2022). To a Green Economy across the European Union. Int. J. Environmental Research Public Health. 19, 12427. DOI: 10.3390/ijerph191912427
  17. Otinashvili R., Veshapidze S., Zoidze G. (2023). Impact of Economic Crime on the Sustainable Development of the State. Three Seas Economic Journal. 4(1), 10-17. DOI: 10.30525/2661-5150/2023-1-2
  18. Papava, V., Charaia, V. (2021). The Problem of the Growth of Georgia’s Public Debt during the Economic Crisis under the Covid-19 Pandemic. GFSIS Expert Opinion, No. Tbilisi, Georgian Foundation for Strategic and International Studies. DOI:10.13140/RG.2.2.10091.5712019.
  19. Papava V., (2022a). “On the Main Challenges of the Architecture Transformation of the World Economy.” Eurasia Review, March 31, <https://www.eurasiareview.com/ 31032022-on-the-main-challenges-of-the- architecture-transformation-of- the-world-economy-oped/>.
  20. Papava, Vladimer. (2022b). “Pandemic, War and Economic Sanctions: From Turbulent to Confrontational Globalization.” Eurasia Review, May 23. https://www.eurasiareview.com/ 23052022-pandemic-war-and- economic-sanctions-from-turbulent-to-confrontational- globalization-oped/?fbclid=IwAR1zLFJs1kUFJ Wgp6q RXRWhL Oy2OWnWjwIVUjMwjphnjqs0OKoUQSi12Z4I18.
  21. Silagadze A. (2022). Contemporary Global Economic Trends: Transitional Economies During Covid-Depression. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences. 16 (3), 130-135.
  22. SolAbility (2022). Global Sustainability Competitiveness Index. 28 აპრილს, ონლაინ მისამართზე: https://solability.com/ the-global-sustainable-competitiveness-index/methodology